სტატუსი და მუშაობის სპეციფიკა

სტატუსი და მუშაობის სპეციფიკა

აკადემიური წერის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულია, თუმცა, სხვადასხვა ეტაპზე და გარკვეული სახით თანამშრომლობს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტთან /სკოლასთან და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან. მაგალითად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან იგი პროგრამულად არის დაკავშირებული. კერძოდ, ზოგადი საუნივერსიტეტო მოდულის ფარგლებშიც ისწავლება ცენტრის მიერ შემუშავებული ერთსემესტრიანი საბაკალავრო კურსი – აკადმიური მუშაობის ტექნიკები. ცენტრს მუდმივი საქმიანი კომუნიკაცია აქვს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და ბიბლიოთეკასთან.

აკადემიური წერის ცენტრის სტრუქტურა არ არის იერარქიული. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ეხმარება ორი ასისტენტი.

  • ცენტრის მიერ შემუშავებულ პროგრამებს ასწავლის 38 მასწავლებლისგან შემდგარი გუნდი. მათ შრომით ხელშეკრულებას სემესტრულად უფორმებს ერთ-ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტი/სკოლა.
  • ცენტრის კონსულტანტები თვითონ პედაგოგები არიან. ამავდროულად, ისინი სადოქტორო საფეხურზე სწავლობენ; ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად კი, კონსულტანტის სტატუსით, აგროვებენ ასისტირების კომპონენტისათვის საჭირო კრედიტ-ქულებს.
  • ცენტრის ცხოვრებასა და საქმიანობაში ყველა (აკადემიური/საორგანიზაციო) გადაწყვეტილება, მიიღება აზრთა გაზიარების, მსჯელობისა და საერთო შეთანხმების საფუძველზე.
  • ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია მასწავლებელთა სისტემატური სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც კოლეგები ერთმანეთს უზიარებენ შეხედულებებს პროფესიული საკითხების შესახებ, მსჯელობენ შექმნილ სირთულეებთან დაკავშირებით, წარმოადგენენ მიგნებებსა თუ ახალ მასალას და სახავენ სამომავლო სამუშაო გეგმებს.
  • ცენტრის მასწავლებლებისთვის იგეგმება და ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობები.
  • ცენტრის ხელმძღვანელი და პედაგოგები სემესტრის განმავლობაში ატარებენ საგაკვეთილო დაკვირვებებს, რის შემდეგაც ხდება ინდივიდუალური შეხვედრები კოლეგებთან და მსჯელობა სწავლების მნიშვნელოვან ასპექტებზე. პედაგოგები ერთმანეთის სალექციო პროცესის ხშირი სტუმრები არიან.
  • დაინერგა საინტერესო და უაღრესად სასარგებლო პრაქტიკა – ლექციის დაწყებამდე მასწავლებლები ერთმანეთს აცნობენ იმ დღის სამუშაო გეგმას, ხოლო ჩატარებული მეცადინეობის შემდეგ წერენ რეფლექსიას/ანგარიშს, რითაც კოლეგებს უზიარებენ ლექციის შედეგად მიღებულ გამოცდილებას, თავიანთ მიგნებებსა და წამოჭრილ გამოწვევებს.
  • სემესტრის ბოლოს, გაწეული სამუშაოსა და უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სტუდენტთა აზრების კვლევის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, მასწავლებლები წერენ სემესტრის შემაჯამებელ ანგარიშს.
  • ცენტრის მასწავლებლებს აქვთ პროფესიული ვებგვერდი, სადაც თავმოყრილია კურსის მთელი პროგრამული მასალა. ეს სივრცე ასრულებს როგორც აკადემიურ, ასევე საორგანიზაციო ფუნქციას.