მაია როგავა

მაია როგავა

მაია როგავა

აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი

საკონტაქტო ინფორმაცია

ოთახი: E220

ელფოსტა: maia.rogava@iliauni.edu.ge

მაია როგავა ასწავლის აკადემიურ წერას ინგლისურ ენაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებს. მან, აგრეთვე, მოამზადა აკადემიური ინგლისურის პროგრამა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისათვის. წლების განმავლობაში იგი ამზადებს კანდიდატებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდისათვის აკადემიურ ინგლისურში – IELTS. მას გავლილი აქვს აკადემიური ინგლისურის სწავლების სამეტაპიანი ტრენინგი ტემპუსის პროექტის ფარგლებში.

მაია როგავას აქვს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი). ამავდროულად, იგი ინგლისურის, როგორც უცხო ენისა, და ბიზნესინგლისურის საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელია. მის მიერ მომზადებული პროგრამებით ისწავლება ბიზნესისა და სამართლებრივი ინგლისური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის. იგი სამართლებრივი ინგლისურს წლების განმავლობაში ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს და ამზადებდა მათ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდაში სამართლებრივ ინგლისურში (ILEC).

მაია როგავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2010 წლიდან, იყო ბიზნესინგლისურის პროგრამების კოორდინატორი და მასწავლებელი; ამჟამად კი ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორია. 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასრულებს ახლად შექმნილი აკადემიური წერის ცენტრის დირექტორის მოვალეობებს.

1997 წლიდან მაია თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში. 2012 წლიდან არის მათი კონსულტანტი ინგლისური ენის სწავლების პროექტებში და ტრენერი პროფესიული ენების სწავლების მეთოდიკის საკითხებში. 2010 წლიდან გამომცდელია კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდების საუბრის ნაწილში. ამავდროულად, არის ინგლისური ენის მასწავლებელთა საქართველოსა და საერთაშორისო ასოციაციების წევრი. 2016 წლიდან არის საერთაშორისო აკადემიური რეფერირებადი ჟურნალის – Online Journal of Humanities – სარედაქციო საბჭოს წევრი და ინგლისური ენის სასწავლო რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი.