Click Here
Click Here
Click Here

სტატუსი და მუშაობის სპეციფიკა

აკადემიური წერის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულია, თუმცა, სხვადასხვა ეტაპზე და გარკვეული სახით თანამშრომლობს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტთან /სკოლასთან და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან. მაგალითად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან იგი პროგრამულად არის დაკავშირებული. კერძოდ, ზოგადი საუნივერსიტეტო მოდულის ფარგლებში ისწავლება ცენტრის მიერ შემუშავებული ერთსემესტრიანი საბაკალავრო კურსი – აკადემიური მუშაობის ტექნიკები. ცენტრს მუდმივი საქმიანი კომუნიკაცია აქვს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და ბიბლიოთეკასთან.

აკადემიური წერის ცენტრის სტრუქტურა არ არის იერარქიული. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ეხმარება ორი ასისტენტი და ერთი თანაშემწე.

  • ცენტრის მიერ შემუშავებულ პროგრამებს ასწავლის 42 მასწავლებლისგან შემდგარი გუნდი. მათ შრომით ხელშეკრულებას სემესტრულად უფორმებს ერთ-ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტი/სკოლა.
  • ცენტრის კონსულტანტები უშუალოდ ცენტრის პედაგოგები არიან. ამავდროულად, ისინი სადოქტორო საფეხურზე სწავლობენ; ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად კი, კონსულტანტის სტატუსით, აგროვებენ ასისტირების კომპონენტისათვის საჭირო კრედიტ-ქულებს.
  • ცენტრის ცხოვრებასა და საქმიანობაში ყველა (აკადემიური/საორგანიზაციო) გადაწყვეტილება მიიღება აზრთა გაზიარების, მსჯელობისა და საერთო შეთანხმების საფუძველზე.
  • ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია მასწავლებელთა სისტემატური სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც კოლეგები ერთმანეთს უზიარებენ შეხედულებებს პროფესიული საკითხების შესახებ, მსჯელობენ შექმნილ სირთულეებთან დაკავშირებით, წარმოადგენენ მიგნებებსა თუ ახალ მასალას და სახავენ სამომავლო სამუშაო გეგმებს.
  • ცენტრის მასწავლებლებისთვის იგეგმება და ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობები.
  • ცენტრის ხელმძღვანელი და პედაგოგები სემესტრის განმავლობაში ატარებენ საგაკვეთილო დაკვირვებებს, რის შემდეგაც ხდება ინდივიდუალური შეხვედრები კოლეგებთან და მსჯელობა სწავლების მნიშვნელოვან ასპექტებზე. პედაგოგები ერთმანეთის სალექციო პროცესის ხშირი სტუმრები არიან.
  • დაინერგა საინტერესო და უაღრესად სასარგებლო პრაქტიკა – ლექციის დაწყებამდე მასწავლებლები ერთმანეთს აცნობენ იმ დღის სამუშაო გეგმას, ხოლო ჩატარებული მეცადინეობის შემდეგ წერენ რეფლექსიას/ანგარიშს, რითაც კოლეგებს უზიარებენ ლექციის შედეგად მიღებულ გამოცდილებას, თავიანთ მიგნებებსა და წამოჭრილ გამოწვევებს.
  • სემესტრის ბოლოს, გაწეული სამუშაოსა და უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სტუდენტთა აზრების კვლევის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, მასწავლებლები წერენ სემესტრის შემაჯამებელ ანგარიშს.
  • ცენტრის მასწავლებლებს აქვთ პროფესიული ვებგვერდი, სადაც თავმოყრილია კურსის მთელი პროგრამული მასალა. ეს სივრცე ასრულებს როგორც აკადემიურ, ასევე საორგანიზაციო ფუნქციას.