Click Here

მისია და მიზნები

აკადემიური წერის ცენტრის მისიაა, დაეხმაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, ვისაც აკადემიურ გარემოში სრულფასოვანი მუშაობა სურს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ აკადემიური წერის უნარების განვითარებით, რადგან ეს გახლავთ ცოდნის შექმნისა და გაზიარების ერთ-ერთი აუცილებელი ფორმა. ცენტრის პროფესიონალი პედაგოგებისა და კონსულტანტების დახმარებით, სტუდენტი თანამშრომლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში შეიძენს და განივითარებს აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის, საკუთარი და სხვისი ნაშრომის კრიტიკული შეფასების, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის მნიშვნელოვან აკადემიურ ჩვევებს. ეს ყოველივე ეფექტური, დასაბუთებული, სისტემატიზებული წერითი უნარის შემადგენელი ნაწილებია.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია წერა, ისევე, როგორც – სუნთქვა; საჭიროა მხოლოდ, იგი სწორ, კეთილმოსურნე გარემოში აღმოჩნდეს და პროფესიულად დაგეგმილი, სწორად წარმართული პრაქტიკის საშუალება მიეცეს. წერას, როგორც კომუნიკაციის უნარს, ადამიანი თანდათანობით სწავლობს, ხოლო აკადემიურ საფეხურზე მისი აყვანის შესაძლებლობა ეძლევა სწორედ საუნივერსიტეტო სივრცეში. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, ეს პროცესი სწორად მართული, ერთ ძირითად მიზანზე ორიენტირებული, ერთიან მიდგომაზე დაფუძნებული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აგებული პროგრამებით ხორციელდებოდეს. სწავლების წარმატებული შედეგისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ აკადემიურ წერას ასწავლიდეს ამ უნარის მქონე პროფესიონალი პედაგოგი, თანამედროვე საუნივერსიტეტო სწავლების მეთოდების ეფექტური გამოყენებით. ყოველივე ამან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოშვა აკადემიური წერის ცენტრის შექმნის აუცილებლობა.

ჩვენ გვჯერა, რომ წერა ის იარაღია, რომელსაც ადამიანი იყენებს არა მარტო არსებული ცოდნის, აზრებისა და იდეების გაზიარებისათვის, არამედ ახლის აღმოჩენის, ახალი ცოდნის შექმნის და გავრცელების პროცესში.

მიზნები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მიზანია აკადემიური წერის მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. კერძოდ:

  • აკადემიური წერის ერთიანი საუნივერსიტეტო პროგრამის შექმნა, მისი განხორციელება და შემდგომი განვითარება;
  • აკადემიური წერის პროფესიონალ მასწავლებელთა კორპუსის შექმნა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აკადემიური წერის უნარის განვითარებასთან დაკავშირებული დამხმარე შესაძლებლობების შეთავაზება;
  • აკადემიური წერის უნარის განვითარების ხელშემწყობი შესაბამისი მომსახურების შეთავაზება საუნივერსიტეტო სივრცის ფარგლებს გარეთ არსებული დაინტერესებული პირებისთვის/ორგანიზაციებისთვის.